ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორული საინფორმაციო პორტალის დამფუძნებელს შეხვდა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე საბერძნეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენელს, დიასპორული საინფორმაციო პორტალის diaspora.ge-ს დამფუძნებელს, ავთანდილ გიუნაშვილს შეხვდა.
მხარეებმა ქართულ დიასპორაში საინფორმაციო პოლიტიკის განვითარებაზე იმსჯელეს.
ისაუბრეს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კომუნიკაციის გაღრმავებაზე. როგორც აღინიშნა მნიშვნელოვანია, ჩვენს თანამემამულეებს მიეწოდოს ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მიღწევების შესახებ. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს აქტიური წვდომა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც ქართველ ემიგრანტებს აწუხებთ.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ისევე როგორც გასულ წლებში, კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს ახალ საინფორმაციო საშუალებასთან, რომელიც ახლახან დაფუძნდა, რათა დიასპორულ ორგანიზაციებს, ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში ჰქონდეთ ყველა იმ სარგებელზე წვდომა, რასაც კომიტეტი და საქართველოს ხელისუფლება მათთვის აკეთებს.
დიასპორული საინფორმაციო პორტალის diaspora.ge-ს დამფუძნებელმა, მადლობა გადაუხადა ზვიად კვაჭანტირაძეს, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ პატარა მიგრანტებისთვის წიგნების გადაცემისთვის.
„დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით საქართველოში შეგროვდა წიგნები, სახელმძღვანელოები, რომლებიც საკვირაო სკოლებს გადაეცათ. ეს იყო დიდი მხარდაჭერა მათთვის. ისინი გამოხატავენ მადლიერებას, ვინაიდან ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ნაბიჯების გადადგმა. ეს ხელს უწყობს ჩვენი კავშირების გაძლიერებას და იმ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ასე საჭიროა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებსა და საქართველოს სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა ავთანდილ გიუნაშვილმა.
